logo
ENG



"არ დავშორდეთ ევროპას" - ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო პლატფორმა დააფუძნა

07 სექ 202320:25
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო პლატფორმა დააფუძნა, რომელშიც მწერლები, მუსიკოსები, მეცნიერები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან. ლომჯარიას განცხადებით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საერთო ხედვებსა და იდეებს იზიარებენ. 

"თავად პლატფორმის იდეა გამომდინარეობს იმ პირობიდან, სადაც ვცხოვრობთ დღეს საქართველოში. საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ, პოლიტიკური ველი არის ძალიან ტოქსიკური და ამის გამო, საზოგადოება ერთგვარად დისტანცირებულია სამოქალაქო ინიციატივებისგან და ის ნიშა, რასაც უნდა იკავებდეს სამოქალაქო ხმა და ინიციატივები მთლიანად დაკავებული აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგს. იქ ისმის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ხმა, რომლებიც არ პასუხობენ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს და წუხილებს", - აღნიშნა ლომჯარიამ პლატფორმის პრეზენტაციაზე. 

მისივე განმარტებით, პლატფორმის მიზანია, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც აქვს შესაბამისი ინტელექტუალური, შემოქმედებითი რესურსი და ენთუზიაზმი, ერთმანეთს დააკავშიროს.  

"ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა და ვფიქრობ, დღეს გვაქვს დრო მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია მოხდეს იმ ისტორიული თემის გარშემო, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა", - თქვა მან. 

ლომჯარია, პლატფორმის საქმიანობის ფარგლებში, თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში შეხვედრებს აანონსებს. 

"ექსპერტების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შევიმუშავებთ საქართველოს სხვადასხვა სფეროს განვითარების ხედვებს. სახალხო დიპლომატია იქნება ჩვენი აქტიურობის ერთ-ერთი მიმართულება. გვჯერა, რომ ევროპასთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან საზოგადოებას შეგვიძლია ვისაუბროთ ბარიერების გარეშე", - ამბობს ის. 

 

close დახურვა